ჰოლანდია
ჰოლანდია, იგივე ნიდერლანდები, იგივე დაბალი მიწების ქვეყანა, გამორჩეულად საინტერესოა იმით, რომ ჰოლანდიელებმა, როგორც ამბობენ, წყალს გამოსტაცეს მიწები და ამ მიწებზე ზღაპრული ქვეყანა გააშენეს.


მთიან, ამაღლებულ ადგილებს ჰოლანდიაში ვერ ნახავთ, ირგვლივ ყველგან წყალია, შესაბამისად წლის ნებისმიერ სეზონზე ქვეყანა ნესტიანია, ხშირად წვიმს, ზამთარი შედარებით ცივია, მაგრამ ამინდი სულაც არ არის დაბრკოლება იმ მილიონობით ტურისტისთვის, რომლებიც ყოველწლიურად სტუმრობენ ქვეყანას და განსაკუთრებით მის დედაქალაქ ამსტერდამს.
ჰოლანდიის დედაქალაქი ამსტერდამი პატარა არხებზეა გაშენებული და ულამაზესი არქიტექტურა აქვს. აქ პაწაწინა ქუჩებსა და ხიდებზე სეირნობისასაც არ მოიწყენთ, მაგრამ ამსტერდამში ყოფნისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ მუზეუმებს. ვან გოგი და რემბრანდტი შეგიძლიათ ორიგინალში იხილოთ.
ანა ფრანკის დღიური თქვენს თვალწინ გაცოცხლდება თუ მისი სახლის წინ მდგარ მოზრდილ რიგს არ შეუშინდებით და ეწვევით იმ ადგილს სადაც გოგონამ ოჯახთან ერთად ბოლო წლები გაატარა.
ჰოლანდია ველოსიპედების ქვეყანაა. ამ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს ქვეყანაში მოქალაქეების უმრავლესობა იყენებს. ამსტერდამში საგზაო ინფრასტრუქტურა ველოსიპედებზეა მორგებული. თუ თქვენ ველოსიპედით გადაადგილება სიამოვნებას განიჭებთ, ჰოლანდიაში მოგზაურობისას ამაში ხელს ვერაფერი შეგიშლით.
ჰოლანდია ყვავილების ქვეყანაც არის. ჰოლანდიური ყვავილები, განსაკუთრებით კი ტიტები ძალიან პოპულარულია. თუ ქვეყანას აპრილის შუა რიცხვებში ეწვევით, ტიტების ფესტივალზე დასწრებას შეძლებთ. კოკენჰოფის ყვავილების ბაღი, რომელიც სხვადასხვა ფერის ულამაზესი ტიტებით ივსება, ამსტერდამთან ახლოს მდებარეობს.
ჰოლანდია რძის პროდუქტებითაც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მსოფლიო რუკაზე. მათ შორის ჰოლანდიური ყველი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია.
იმოგზაურეთ ჰოლანდიაში და აღმოაჩინეთ ისტორიის, ხელოვნების, არქიტექტურისა და თანამედროვეობის ეს საოცარი ქვეყანა.
რა უნდა ვიცოდეთ
რამდენიმე საკვანძო ცნობა ჰოლანდიის შესახებ
აუცილებლად სანახავი
მოგვწერეთ
თუ გაქვთ კითხვა ან გაინტერესებთ რაიმე დამატებით, მოგვწერეთ. ჩვენ მალე გიპასუხებთ!
